ყოფილი პრემიერი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას სიცოცხლე შეწირეს. ვიდეომიმართვას გახარია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია - ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, პირველ რიგში, ქვეყნის ამ მიღწევას თავიანთი ბელადების სახელებს უკავშირებენ, აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ნაციონალური მოძრაობა იძახის, რომ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა თურმე, რომ საქართველომ ევროკავშირის სტატუსი მიიღო, ან კიდევ მეორე- ოცნება თავის ბელადს.
არავის არ გახსენებია ანწუხელიძე, არავის არ გახსენებია გინტური. ის ხალხი, რომლებმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სიცოცხლე გაწირეს იმისთვის, რომ ქვეყანას შესძლებოდა, ღირსეულად გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. არ გახსენებიათ ტატუნაშვილი, არ გახსენებიათ ოთხოზორია. არ გახსენებიათ ეს ხალხი, სამაგიეროდ, თავიანთი ბელადები გაახსენდათ", - ამბობს გახარია.
14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო.